ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ლექციიდან მოვხლაფორთდი სახლში, ჩემი ძმა, როგორც ყოველთვის წელამდე კომპიუტერში შემძვრალი დამხვდა, თამაშობდა რაღაცას. ჩავუარე და ერთი თვალი შევავლე, მაგრამ ეგრევე 90°-ით შემოვბრუნდი და მივაშტერდი მონიტორს _ ჰოი, საოცრებავ! ჩემ ძმას (ნუ, უფრო ზუსტად, მის ვირტუალურ ალტერ ეგოს) ვირტუალური პრეზიდენტი სააკაშვილი ელაპარაკებოდა!
დაბნეულმა თამაში ვერ დავასკრინშოთე და ჩვეულებრივი ციფრული ფოტოაპარატით გადავიღე სასწრაფოდ, და ახლა დამშვიდებულ გონებაზე და ფოტოების მრავალჯერ გადასინჯვისა და სხვებზე დატესტვის შემდეგ ვწერ ამ პოსტს.
თვითონ არც მანამდე შეუმჩნევია მსგავსება და ცხვირი რომ დავადებინე ზედ, არც მერე გამოუხატავს რაიმე სახის ემოცია, ვა-ო და იქ დამთავრდა.
თამაშს ქვია “Elder Scroll 4 – Oblivion”, სააკაშვილის პერსონაჟი (გავკადნიერდები და ასე მოვიხსენიებ) Norbert Lelles, ქალაქ ანვილის მცხოვრები, მეომრების გილდიის ერთ-ერთ მისიაში გვხვდება. მის პატარა მაღაზიას ყოველღამე ქურდავენ, ნორბერტ/მიხეილი გილდიაში იჩივლებს და ჩემი ძმა (მმმ… ხო, ჩემი ძმა, პრინციპში) მიდის მისიაზე, მორიგეობს ღამე მაღაზიაში, სამივე ავაზაკს ებრძვის და კლავს. 
შედარება თქვენთვის მომინდვია. ჩემი აზრითა და ერთი ჩემი საყვარელი ფილმის ეპიზოდური პერსონაჟის სიტყვებით: “ქაა, ისე გაავს, გეგონება კაპიროვკით გადაუღიათო”…
