მარი

პანჩო ვილა (By John Steinbeck) November 17, 2009

Filed under: literature — rogneta @ 9:45 pm

…ჩრდილოეთში რომ მოხვდა, თურმე ფულის საჭრელი მანქანა გააკეთა და თვითონვე უშვებდა ფულს, 20-20 პესოს. იმდენი დაბეჭდა, რომ ხალხი თვლას ვეღარ აუდიოდა, და მიანებეს კიდე თავი _ არც ეხერხებოდათ მაინცდამაინც თვლა. წონით მიჰქონდათ ხოლმე. …ერთ დღეს კაი ფუნთუშა ქალი მიადგა თურმე, ფერადკანიანი, მაგრამ ფუნთუშა, და ეუბნება: “გენერალო, შენ ქმარი დამიხვრიტე და დამაქვრივე, ხუთი ბავშვის ამარა დამტოვე… ეს არის თქვენი სახალხო რევოლუცია?” პანჩომ ერთი ახედ-დახედა, მერე ადიუტანტს მიუბრუნდა: “აუწონე ხუთი კილო ფული”. შეუკრეს საგულდაგულოდ მავთულით, მაგრამ იმხელა გამოვიდა, ძლიივს წაათრია ქალმა. უცბათ ლეიტენანტმა შემოირბინა, მხედრული სალამი მისცა და მოახსენა: “ბატონო გენერალო, მაგისი ქმარი ჩვენ არ დაგვიხვრეტია. გალეშილი იყო, დილეგში ჩავაგდეთ.” პანჩოს ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა თვალი ქალისათის, რომელიც ფულს მიათრევდა. უცებ შეჰყვირა: “ახლავე გამოიყვანეთ და დახვრიტეთ! ამ საწყალ ქალს ხომ არ მოვატყუებთ.”

 

November 17, 2009

Filed under: literature — rogneta @ 9:29 pm

“… _მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო!

_აკი დედაჩემის სადღეგრძელოს სვამდი?

_მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო._გაიმეორა გურამმა,_გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის, დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის.

_გაუმარჯოს გაბითურებულ ღმერთს!_ვთქვი მე.

_ბითური ხარ შენ._თქვა გურამმა.

_შენ?_ვკითხე გურამს.

_მეც ბითური ვარ, შენზე უფრო დიდი ბითური, იმიტომ, რომ შემთან ერთად ღვინოს ვსვამ და ღმერთს ვადღეგრძელებ.

_რა გინდა, ბიჭო, რას გადამეკიდე?

_მე მინდა, ღმერთის სადღეგრძელო შევსვა.

_შესვი, ვინ გიშლის?

_ადექი ფეხზე!_მე ავდექი.

_დედაშენს გაუმარჯოს.

_მადლობელი ვარ!

_შენ იცი, ვინ არის დედაშენი?_მკითხა გურამმა. მე არაფერი ვუპასუხე. გურამმა დიდხანს მიყურა, დიდხანს, მერე ჭიქას ღვინო დაამატა და დაიწყო:

_დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი რა გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, სცივა, სწყურია, შია შენთან, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმეერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთI მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?_დაამთავრა გურამმა და ნისლიანი თვალები მომაპყრო.

_გასაგებია!_ვუთხარი მე და კიდევ რომ არ გაეგრძელებინა, ღვინო დავლიე…”

ნ. დუმბაძე “მზიანი ღამე”

 

ჯ.სტეინბეკი “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” November 2, 2009

Filed under: literature — rogneta @ 5:21 pm

“…ერთხელ სასთუმალთან რომ ვუჯექი მომაკვდავს, ჩემი შავი წყლიდან უცებ ურჩხული ამოტივტივდა. ერთბაშად შევიძულე ეს კაცი, მინდოდა მომეკლა, ყელი კბილებით გამომერადრა. ყბები დამეჭიმა, მგონი კბილებიც დავკრიჭე სანადიროდ გამოსული მგელივით.

როცა ყველაფერი გათავდა, დანაშაულის შიშით შეპყრობილმა, სიკვდილის დასამოწმებლად მოსულ მოხუც ექიმ პილს გავანდე ეს ჩემი გრძნობა

_ეს, მე მგონი, არცთუ იშვიათი განცდაა,_მითხრა მან,_ბევრის სახეზე წამიკითხავს, მაგრამ ყველას არ უნდა, რომ გამოტყდეს.
_საიდან უნდა გამჩენოდა ასეთი გრძნობა? მიყვარდა ის კაცი.
_იქნებ ატავისტური მოგონების ბრალი იყოს,_მიპასუხა ექიმმა,_იმ დროიდან გამოყოლილი, როცა ჯგუფის დაჭრილი ან ავადმყოფი წევრი საშიშროებას უქადდა ხოლმე ყველას, ზოგი ცხოველის და თევზების უმრავლესობა გლეჯენ და ნთქავენ თავიანთ დაუძლურებულ მოძმეებს.
_მე ხომ ცხოველი არ ვარ… არც თევზი.
_არა, რა თქმა უნდა, არა. და ამიტომაც გეჩოთირებათ. მაგრამ მთელ არსებაში გაქვთ გამჯდარი, მთელ არსებაში.

კარგი კაცია ეს ექიმი პილი, გადალასლასებული ბერიკაცი. აგერ 50 წელიწადი იქნება, ამქვეყნად მოსულებსაც გვეგებება და საიქიოსკენაც მიგვაცილებს.”

 

 

ე.მ.რემარკი “ტრიუმფალური თაღი” November 2, 2009

Filed under: literature — rogneta @ 3:31 pm

…შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე, შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობენ ასი ათასობით სხვანიც, უკეთესები, უფრო მშვენიერები, ჭკვიანნი, კეთილნი, ერთგულნი, გონიერნი…შენ, ერთხელ ღამით ბედის მიერ ჩემთვის დაგდებულო ცხოვრების გზაზე, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემ ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო, სიზმრად კანში შეჭრილო; შენ არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა, რომ წინააღმდეგობას გიწევ და სწორედ ამისათვის მოისწრაფვი ჩემსკენ… როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება _ სალამი შენდა! აგერ აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში, იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია…აი, ვდგავარ აქ, მე საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღში დაფარული. მან შეინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით, აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ _ მართალია ტანჯული, მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად მზად მყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ! დაილოცე თვალთმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ! შენ _ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე, რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული… მიიღე ჩემი მადლობა, უცოდველო! არასდროს არაფერში გამოგიტყდები, რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლად მომთენმა იმედმა _ შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალო ძლიერი სიცოცხლე, რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში! სალამი შენდა! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე, რათა ეს გამეგო! სალამი შენდა!…

 

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.