მარი

პადკრალსია ნეზამეტნა October 1, 2011

ერთი კვირაა ვწუწუნებ, როგორ ცივა, რა უბედურებაა და ა.შ. მერე დავაკვირდი კალენდარს _ სექტემბერი მთავრდება მადმუაზელ! უფრო სწორად მადამ ( ეჰ ვერ შევეჩვიე.ნამეტანი ჩქარ-ჩქარა ვიცხოვრე ბოლო წელი :)))).

ვზივარ ახლა აქ, ბნელ ოთახს სინათლის ორი კუბი ანათებს: აკვარიუმის და მონიტორის, მონიტორის შუქს ვარ მიფიცხებული და პლედის კუთხეს ვიკუჭავ ფეხებთან _ საიდანღაც უქიქინებს, და ვერ მივაგენი. გარეთ ისე ბნელა და ისე სველა, ჩემში 90-იანების მარი იღვიძებს: ყველა უპატრონო ძაღლზე, კატაზე, თაგვზე და ბეღურაზე მიკვდება გული, ისეთი ამინდია. სად არიან, რას არიან შეფარებულები, ათბობთ რამე?..

 

ვიტყუები, დიდი ხანია ამაზე აღარ მიფიქრია :)

 

meh… September 22, 2011

რას გადავეჩვიე, იცი? გააზრებას, ამ მომენტში რაზე ვფიქრობ, და მერე დაწერას. არადა ადრე რას ვუბერავდი?! იდაყვი მტკიოდა, ისე გაქაფული ვწერდი, რომ ჩემს აზრებს დავწეოდი. ახლა ბუბლიკი ვარ, ზერო.

მაქვს ხოლმე მოწყენის მომენტები. ამ დროს ყოველთვის ვჩხრეკ ძველ პლეილისტს და იმ დროში ვბრუნდები, როცა ამა თუ იმ სიმღერით ვიყავი გატაცებული. ზუსტად ამოტივტივდება ხოლმე ის ემოციები, რაც მაშინ გასდევდა ამ სიმღერებს. ახლა Coldplay mood-ი მაქვს. აეეე, რა დრო იყო?! რუსთავი ახალი აღმოჩენილი მქონდა :)))) სასაცილოა.

არა, შაშაჩილო. ასე ნაკლებ გამკიცხავად ჟღერს. გასაკიცხი რა იყო, მაგრამ მაინც, შინაგანი მე ოხერია, იცის სად დაგარჭოს ჩანგალი, რომ უფრო დიდი და წვნიანი ნაჭერი დაითრიოს.

 

Fuck it! I’m back September 22, 2011

ამას წინათ ვიხსენებდი, რომ დღიურების ოთხტომეული მაქვს დაწერილი. არ ვიცი, რას მოჰყვა, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიხსენე, როგორ დაოთხილი ვწერდი ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა ჩემს თუ სხვის თავს. რა დიდი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება მე მქონდა, მაგრამ რაც იყო, გულდასმით და რაც მთავარია, ენთუზიაზმით ვიწერდი. თან საშუალოდ ყოველ კვარტალში ერთხელ გადავხედავდი ძველ ნაწერებს და გაოცებას ვიყავი, რა პატარა ვყოფილვარ-მეთქი. ხომ სასაცილოა, 15 წლისა რომ აღშფოთდები 14 წლის მარის ჩანაწერებზე :) მოკლედ…

გადავწყვიტე იგივე განვაგრძო, ოღონდ In a 12th century style,  ანუ ელექტრონულად. ამჯერად ნაკლებად პრივატული კონტენტი იქნება. ისეთი, ვინმეს ფეხი რომ დაუცდეს, ან ქუდი რომ შემოუგდონ და შემოჰყვეს _ შით, არადა ესა და ეს მეწერა-მეთქი, რომ არ დამცხეს.

კიდევ უფრო მოკლედ: ქართულო ბლოგ-სივრცევ, შეგიძლია ბრაცკი პანჩური ამომარტყა და “მოხვედი, ჯიგარო?” მომაძახო.

 

ტატუირება დიაბეტიანებისთვის June 25, 2010

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქიმიკოსებმა ახალი სენსორული სისტემა შექმნეს, რომელიც დიაბეტით დაავადებულებს გლუკომეტრის ალტერნატიულ, Hi-Tech ანალოგს სთავაზობს.

სისტემა წარმოადგენს ნახშირბადოვან, პოლიმერში გახვეულ ნანომილაკებს, რომლებიც გარკვეულ გარემოში გლუკოზის არესებობის შემთხვევაში ფლუორესცირებენ, რისი დეტექტირებაც ინფრაწითელი სენსორით შეიძლება,  ნათების ინტენსივობის გაზომვით კი შეიძლება  გლუკოზის რაოდენობის დადგენა.

მკვლევარები გეგმავენ, ნანომილაკები მელნის შემადგენლობაში ჩართონ და მათი “ჩამონტაჟება” კანში ტატუირების სახით იქნება შესაძლებელი. ნათების დაფიქსირება  მოხდება მაჯის საათის ტიპის მოწყობილობით, რომელიც ტატუზე მოკლე ინფრაწითელი დასხივებით გაზომავს ინტენსივობას დაა შესაბამისად _ გლუკოზის დონეს სისხლში.

მეცნიერების თქმით, სენსორის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს მის გამძლეობაში სინათლის მიმართ_ სხვა ფლუორესცენტული მოლეკულებისგან განსხვავებით, ნანომილაკები სინათლის სხივების გავლენით არ იშლებიან და არც ნათების ინტენსივობას იცვლიან. ამით უზრუნველყოფილია მისი ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც საჭირო იქნება მხოლოდ საღებავის დამატება _ მილაკების რაოდენობის შევსება.

ახლა მკვლევარები მუშაობენ სენსორების  სიზუსტეზე, რადგანაც დიაბეტის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია შაქრის დონის ზუსტი განსაზღვრა და მისი კონტროლი. იმისთვის რომ დაინერგოს ყოველდღიურ გამოყენებაში,  გლუკომეტრულმა მეთოდმა უნდა გაიაროს Clarke Error Grid ტესტი, გლუკოზის გაზომვის მეთოდების ოქროს სტანდარტი: სენსორის მონაცემების შედარება ხდება  გლუკოზის განსაზღვრის ლაბორატორიულ მონაცემებთან. გლუკომეტრული მეთოდის ეფექტურობას  ამ განსხვავების მინიმუმამდე დაყვანა განაპირობებს.

მეთოდის ადამიანებზე გამოცდა რამდენიმე წელში განხორციელდება, მანამდე კი იგეგმება ექსპერიმენტები ცხოველებზე. “მხოლოდ პრაქტიკაში გამოვლინდება მიდგომის ჭეშმარიტი ეფექტურობა, რადგან სანამ არ ჩაბერგავ და სიგნალის სიძლიერეს არ ნახავ, ვერ მიხვდები, რამდენად ამართლებს” _ აცხადებენ მკვლევარები.

http://web.mit.edu/newsoffice/2010/glucose-tattoo-0528.html


 

ზაფხული ზაფხულობს June 18, 2010

ზაფხულმა რომ წელს გვიჯიგრა, ტყუილია… ჯერ ისე ცხელა, როგორც ზამთარში ვნატრობდი, ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ მაინც! საღამოობით გვაჭექს და გვანგრევს თავზე ყველაფერს აგერ უკვე მესამე დღეა. აფერუმ შენს სეზონობას, ზაფხულო! ნეტა ვინ დაგაშინა ხაზარულასავით, ასე რომ გაიფურჩქნე და გადაირიე. იმედია ეს აგონიის ბოლო გაფართხალება არ არის, და ისე ეგრე გააგრძელე, წელს ზღვაზე მინდა წასვლა. თუ იქაც კარგ ამინდებს დამამთხვევ, “მზიანი ღამის” გურამივით ჩასვლისას ყვავილს ჩაგიდებ გაწვდილ ოქროსფერ ხელში და გაგატან ჩინეთში.

მართალია, დამტკიცდა, რომ დედამიწა რომ ჩავხვრიტოთ, ჩინეთში ვერ გავალთ, მაგრამ ლამაზი მითი იყო, მომწონდა.

 

აქ რამ მოგიყვანა, შე… ჰმ. December 12, 2009

Filed under: Other and other — rogneta @ 11:59 pm

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ლექციიდან მოვხლაფორთდი სახლში, ჩემი ძმა, როგორც ყოველთვის წელამდე კომპიუტერში შემძვრალი დამხვდა, თამაშობდა რაღაცას. ჩავუარე და ერთი თვალი შევავლე, მაგრამ ეგრევე 90°-ით შემოვბრუნდი და მივაშტერდი მონიტორს _ ჰოი, საოცრებავ! ჩემ ძმას (ნუ, უფრო ზუსტად, მის ვირტუალურ ალტერ ეგოს) ვირტუალური პრეზიდენტი სააკაშვილი ელაპარაკებოდა!

დაბნეულმა თამაში ვერ დავასკრინშოთე და ჩვეულებრივი ციფრული ფოტოაპარატით გადავიღე სასწრაფოდ, და ახლა დამშვიდებულ გონებაზე და ფოტოების მრავალჯერ გადასინჯვისა და სხვებზე დატესტვის შემდეგ ვწერ ამ პოსტს.

თვითონ არც მანამდე შეუმჩნევია მსგავსება და ცხვირი რომ დავადებინე ზედ, არც მერე გამოუხატავს რაიმე სახის ემოცია, ვა-ო და იქ დამთავრდა.

თამაშს ქვია “Elder Scroll 4 – Oblivion”, სააკაშვილის პერსონაჟი (გავკადნიერდები და ასე მოვიხსენიებ) Norbert Lelles, ქალაქ ანვილის მცხოვრები, მეომრების გილდიის ერთ-ერთ მისიაში გვხვდება. მის პატარა მაღაზიას ყოველღამე ქურდავენ, ნორბერტ/მიხეილი  გილდიაში იჩივლებს და ჩემი ძმა (მმმ… ხო, ჩემი ძმა, პრინციპში) მიდის მისიაზე, მორიგეობს ღამე მაღაზიაში, სამივე ავაზაკს ებრძვის და კლავს. 

შედარება თქვენთვის მომინდვია. ჩემი აზრითა და ერთი ჩემი საყვარელი ფილმის ეპიზოდური პერსონაჟის სიტყვებით:  “ქაა, ისე გაავს, გეგონება კაპიროვკით გადაუღიათო”…

 

პანჩო ვილა (By John Steinbeck) November 17, 2009

Filed under: literature — rogneta @ 9:45 pm

…ჩრდილოეთში რომ მოხვდა, თურმე ფულის საჭრელი მანქანა გააკეთა და თვითონვე უშვებდა ფულს, 20-20 პესოს. იმდენი დაბეჭდა, რომ ხალხი თვლას ვეღარ აუდიოდა, და მიანებეს კიდე თავი _ არც ეხერხებოდათ მაინცდამაინც თვლა. წონით მიჰქონდათ ხოლმე. …ერთ დღეს კაი ფუნთუშა ქალი მიადგა თურმე, ფერადკანიანი, მაგრამ ფუნთუშა, და ეუბნება: “გენერალო, შენ ქმარი დამიხვრიტე და დამაქვრივე, ხუთი ბავშვის ამარა დამტოვე… ეს არის თქვენი სახალხო რევოლუცია?” პანჩომ ერთი ახედ-დახედა, მერე ადიუტანტს მიუბრუნდა: “აუწონე ხუთი კილო ფული”. შეუკრეს საგულდაგულოდ მავთულით, მაგრამ იმხელა გამოვიდა, ძლიივს წაათრია ქალმა. უცბათ ლეიტენანტმა შემოირბინა, მხედრული სალამი მისცა და მოახსენა: “ბატონო გენერალო, მაგისი ქმარი ჩვენ არ დაგვიხვრეტია. გალეშილი იყო, დილეგში ჩავაგდეთ.” პანჩოს ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა თვალი ქალისათის, რომელიც ფულს მიათრევდა. უცებ შეჰყვირა: “ახლავე გამოიყვანეთ და დახვრიტეთ! ამ საწყალ ქალს ხომ არ მოვატყუებთ.”

 

November 17, 2009

Filed under: literature — rogneta @ 9:29 pm

“… _მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო!

_აკი დედაჩემის სადღეგრძელოს სვამდი?

_მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო._გაიმეორა გურამმა,_გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის, დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის.

_გაუმარჯოს გაბითურებულ ღმერთს!_ვთქვი მე.

_ბითური ხარ შენ._თქვა გურამმა.

_შენ?_ვკითხე გურამს.

_მეც ბითური ვარ, შენზე უფრო დიდი ბითური, იმიტომ, რომ შემთან ერთად ღვინოს ვსვამ და ღმერთს ვადღეგრძელებ.

_რა გინდა, ბიჭო, რას გადამეკიდე?

_მე მინდა, ღმერთის სადღეგრძელო შევსვა.

_შესვი, ვინ გიშლის?

_ადექი ფეხზე!_მე ავდექი.

_დედაშენს გაუმარჯოს.

_მადლობელი ვარ!

_შენ იცი, ვინ არის დედაშენი?_მკითხა გურამმა. მე არაფერი ვუპასუხე. გურამმა დიდხანს მიყურა, დიდხანს, მერე ჭიქას ღვინო დაამატა და დაიწყო:

_დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი რა გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, სცივა, სწყურია, შია შენთან, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმეერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთI მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?_დაამთავრა გურამმა და ნისლიანი თვალები მომაპყრო.

_გასაგებია!_ვუთხარი მე და კიდევ რომ არ გაეგრძელებინა, ღვინო დავლიე…”

ნ. დუმბაძე “მზიანი ღამე”

 

ჯ.სტეინბეკი “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” November 2, 2009

Filed under: literature — rogneta @ 5:21 pm

“…ერთხელ სასთუმალთან რომ ვუჯექი მომაკვდავს, ჩემი შავი წყლიდან უცებ ურჩხული ამოტივტივდა. ერთბაშად შევიძულე ეს კაცი, მინდოდა მომეკლა, ყელი კბილებით გამომერადრა. ყბები დამეჭიმა, მგონი კბილებიც დავკრიჭე სანადიროდ გამოსული მგელივით.

როცა ყველაფერი გათავდა, დანაშაულის შიშით შეპყრობილმა, სიკვდილის დასამოწმებლად მოსულ მოხუც ექიმ პილს გავანდე ეს ჩემი გრძნობა

_ეს, მე მგონი, არცთუ იშვიათი განცდაა,_მითხრა მან,_ბევრის სახეზე წამიკითხავს, მაგრამ ყველას არ უნდა, რომ გამოტყდეს.
_საიდან უნდა გამჩენოდა ასეთი გრძნობა? მიყვარდა ის კაცი.
_იქნებ ატავისტური მოგონების ბრალი იყოს,_მიპასუხა ექიმმა,_იმ დროიდან გამოყოლილი, როცა ჯგუფის დაჭრილი ან ავადმყოფი წევრი საშიშროებას უქადდა ხოლმე ყველას, ზოგი ცხოველის და თევზების უმრავლესობა გლეჯენ და ნთქავენ თავიანთ დაუძლურებულ მოძმეებს.
_მე ხომ ცხოველი არ ვარ… არც თევზი.
_არა, რა თქმა უნდა, არა. და ამიტომაც გეჩოთირებათ. მაგრამ მთელ არსებაში გაქვთ გამჯდარი, მთელ არსებაში.

კარგი კაცია ეს ექიმი პილი, გადალასლასებული ბერიკაცი. აგერ 50 წელიწადი იქნება, ამქვეყნად მოსულებსაც გვეგებება და საიქიოსკენაც მიგვაცილებს.”

 

 

ეჰ… November 2, 2009

flu3 გაციება, მე თუ მკითხავ, სულ ერთი დღე უნდა გრძელდებოდეს. უნდა შეგაციოს, აგაძაგძაგოს (პრინციპში, ასეც შვრება) და შეგახსენოს, რომ გუშინ თხლად გეცვა, ან ორპირში იჯექი, ან ახლადწყალგადავლებული გაიჭერი გარეთ, ან ჯობდა იმ ქალისთვის გეთხოვა ფანჯარა დაეხურა სამარშრუტო ტაქსიში, ან წვიმაში მოყევი და სველი ბეჭებით იარე. შენც შეფუცხუნდე, ჩაით გაიჭყიპო, ჩათბე და დილით ადგე ბედნიერად.

თუ ძმა ხარ… არ კიდიხარ?

უსამართლობაა ჩემნაირი ხალხის გაციება, ამდენი ხნით. თან ყველა რომ მისამძიმრებს: ოოო მეც ასე მქონდა, ჩემ მეზობელს ქონდა ასე და ერთ კვირაში ჩავარდა საწყალი, სიცხე რამდენი გაქვს? უჰ ეგ წაგაქცევს, იცი რა დალიე? მოგწერ, ვნახავ მოიცაა…

მართლა მოიცა რაა. ტფუ…

 

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.